მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმება სავალდებულო ხდება. შესაბამისი ცვლილება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებითაა გათვალისწინებული და ის 2023 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.
იმისათვის რომ ეს დაბრკოლება დამწყებ მძღოლთათვის მარტივად გადასალახავი იყოს, გავაწყვიტე შემექმნა ეს გვერდი, სადაც მოცემულია ის კითხვები რომლებიც გამოცდაზე შეგხვდებათ და აქვეა შესაბამისი პასუხები.
1. როგორ მოწმდება ძრავში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა?
ჰორიზონტალურ სიბრტყეზე გამორთული ძრავით მდგომი ავტომობილის ძრავიდან ამოღებული უნდა იქნეს ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცი, რომელიც გაწმენდის შემდეგ კვლავ თავსდება მის ბუდეში და განმეორებით ამოღების შემდეგ მასზე მოწმდება ზეთის კვალი, რომლის ზედა ზღვარი უნდა იყოს ცეცზე აღნიშნული მაქსიმუმისა და მინიმუმის ნიშნულებს შორის.
2.
როგორ მოწმდება რეზერვუარში სამუხრუჭო სითხის აუცილებელი დონის არსებობა?
სამუხრუჭო სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში სამუხრუჭე სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის.
3. როგორ მოწმდება მუშა მუხრუჭის გამართულობა?
ძრავის ჩართვამდე მუხრუჭის სატერფულზე რამდენჯერმე დაწოლის შემდეგ, სატერფულზე მუდმივ რეჟიმში ერთ დონეზე ზემოქმედებისას (სატერფულზე დაჭერილი ფეხის გაჩერებით) უნდა ჩაირთოს ძრავა. ძრავის ჩართვამ უნდა გამოიწვიოს სატერფულის გარკვეულ დონემდე (არა ბოლომდე) თავისუფლად დაშვება, რის შემდეგ, სატერფულზე არ უნდა შეიგრძნობოდეს ზედმეტი სირბილე. ამასთან, მოძრაობის პირობებში დამუხრუჭებისას სატრანსპორტო საშუალებას არ უნდა „ქაჩავდეს“ გვერდზე.
4.
როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა?
ჰორიზონტალურ სიბრტყეზე სრულად ჩართული სადგომი მუხრუჭით, ძრავიდან გამორთული ტრანსმისიით მდგომი სატრანსპორტო საშუალების ადგილიდან დაძვრა (გაგორება) ადამიანის მიერ ხელის მიწოლით შეუძლებელი უნდა იყოს.
5. სად მოიძიება ინფორმაცია საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევის შესახებ?
ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ინსტრუქციაში ან სატრანსპორტო საშუალების ძარაზე ქარხანა-დამამზადებლის მიერ დამაგრებულ სათანადო ფირნიშზე.
6.
როგორ მოწმდება უსაფრთხო მოძრაობისათვის საბურავების საერთო მდგომარეობა?
ვიზუალურად უნდა დათვალიერდეს საბურავები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდეს მოცემული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით განსაზღვრულს და მათზე არ უნდა აღინიშნებოდეს ჰაერის წნევის ნაკლებობის, პროტექტორის საბურავისაგან განშრევების, სხვა ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანების და საბურავის დასაშვებზე მეტი ცვეთის ნიშნები. ცვეთის ინდიკატორის არარსებობის შემთხვევაში, საბურავის ექსპლუატაციისათვის უვარგისობაზე მიუთითებს, თუ პროტექტორის ნახატის სიმაღლე 1,6 მმ-ზე ნაკლებია.
7.
როგორ მოწმდება დამუხრუჭების სიგნალების გამართულობა?
დამუხრუჭების სიგნალები (ძირითადი და დამატებითი) უნდა ირთვებოდეს მუხრუჭის სატერფულზე ზემოქმედებისას და მუშაობდეს მუდმივ რეჟიმში.
8.
როგორ მოწმდება საჭის გამაძლიერებლის გამართულობა?
სატრანსპორტო საშუალების ძრავის ჩართვის შემდეგ, საგრძნობლად უნდა შემცირდეს საჭის თვლის მობრუნებისათვის საჭირო ძალა, ხოლო მართვადი თვლების სწორხაზოვანი მიმარულებით მოძრაობის მდგომარეობაში მოყვანის შემდეგ, საჭის თვალი თვითნებურად არ უნდა მობრუნდეს. საჭის თვლის მაბრუნი ძალის ცვლილება მოხვევის კუთხის მთელ დიაპაზონში უნდა იყოს მდორე და არ უნდა საჭიროებდეს განსაკუთრებულ ძალისხმევას და საჭის თვლის შემობრუნება უნდა ხორციელდებოდეს ბიძგების, ვიბრაციისა და ხმაურის გარეშე.
9. როგორ მოწმდება ძრავის გაგრილების სის+ტემაში გამაგრილებელი სითხის აუცილებელი დონის არსებობა?
გამორთული, ცივი ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დასაშვები მაქსიმალური და მინიმალური დონეების ნიშნულების მქონე რეზერვუარში გამაგრილებელი სითხის დონე უნდა იყოს აღნიშნულ ნიშნულებს შორის.
10. როგორ მოწმდება მოხვევის შუქ-მაჩვენებლების მუშაობის გამართულობა?
სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ, უნდა ჩაირთოს მარცხნივ და მარჯვნივ მოხვევის შუქ-მაჩვენებლები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც, ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა (მუშაობა ციმციმის რეჟიმში), ყველა მოხვევის შუქ-მაჩვენებლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა.
11. როგორ მოწმდება ფარებისა და შუქამრეკლების მწყობრში ყოფნა?
სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ უნდა ჩაირთოს გაბარიტული სინათლეები და მათი ჩართვა უნდა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა, ყველა გაბარიტული სინათლის და შუქამრეკლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა. ამავე მეთოდით უნდა შემოწმდეს ახლო და შორი განათების ფარების მწყობრში ყოფნა. ფარების გამართულობის შესამოწმებლად შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს სატრანსპორტო საშუალების წინ არსებული კედელი ან სხვა ობიექტი.
12. როგორ მოწმდება მუშაობს თუ არა საავარიო შუქსიგნალიზაცია?
უნდა
ჩაირთოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და მისი ჩართვა შემოწმდეს საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, რის შემდეგაც, ვიზუალურად (დაიშვება, მათ შორის, მესამე პირის მეშვეობით) უნდა შემოწმდეს მათი ჩართვა (საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა უზრუნველყოფდეს მოხვევის ყველა შუქ-მაჩვენებლის სინქრონულ მუშაობას ციმციმის რეჟიმში), ყველა მოხვევის შუქ-მაჩვენებლის მთლიანობა, სისუფთავე და მუშაობის გამართულობა.
13. როგორ მოწმდება მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონე?
მინამრეცხის რეზერვუარში სითხის დონის შემოწმება შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების ანთების გასაღების შესაბამის მდგომარეობაში გადართვის შემდეგ საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფაზე შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებლით, ხოლო ასეთი საკონტროლო მაჩვენებლის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური ექსპლუატაციის ინსტრუქცია.
14. როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს მათში რეკომენდებული ჰაერის წნევის არსებობაში?
საბურავების ჰაერის წნევის შესამოწმებლად გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები და შესაბამისი მოწყობილბები − საზომ-საკონტროლო ხელსაწყოების დაფის შესაბამისი საკონტროლო მაჩვენებელი ან/და მანომეტრი. საბურავში ჰაერის წნევა უნდა შემოწმდეს ცივი საბურავის პირობებში.
15. როგორ მოწმდება საბურავები, რათა დარწმუნდეს პროტექტორის ნახატის საკმარისი სიმაღლის არსებობაში?
საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლის შესამოწმებლად გამოყენებული უნდა იქნეს მწარმოებლის ინსტრუქციები და სპეციალური თარგი ან სახაზავი. გაზომვა უნდა განხორციელდეს პროტექტორის ყველაზე მეტად გაცვეთილ ადგილას.
16. სად მოწმდება ძრავის გაგრილების სისტემაში გამაგრილებელი სითხის დონე?
მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს ძრავის გაგრილების სისტემის რეზერვუარი.
17. სად მდებარეობს მინამრეცხის რეზერვუარი?
მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს მინამრეცხის რეზერვუარი.
18. როგორ მოწმდება ხმოვანი სიგნალის გამართულობა?
მძღოლობის კანდიდატმა ხმოვანი სიგნალის ღილაკზე ხელის დაჭერით უნდა ჩართოს ხმოვანი სიგნალი, რომელიც უნდა იყოს თანაბარი და საკმარისი ხმამაღლობის. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილის ანთების გასაღები უნდა გადართოს შესაბამის მდგომარეობაში.
19. სად მოწმდება ძრავში ზეთის დონე?
მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს ძრავში ზეთის დონის შესამოწმებელი ცეცის სახელური.
20. სად მდებარეობს სამუხრუჭე სითხის რეზერვუარი?
მძღოლობის კანდიდატმა საგამოცდო ავტომობილში უნდა აჩვენოს სამუხრუჭე სითხის რეზერვუარი.
Комментариев нет:
Отправить комментарий