ყინვიან ამინდში მოძრაობა

 

ზამთრის სეზონზე, ცივ დღეებში ავტომობილით გადაადგილება მთელ რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ეს ეხება, როგორც ქალაქში, ასევე ქალაქ გარეთ გარკვეულ დისტანციაზე გადაადგილებას. მოძრაობას თავისთავად უხვი ნალექი და დაბალი ტემპერატურის შედეგად მოყინული გზა ართულებს. დროს მძღოლის მიერ მაქსიმალური ყურადღება და მართვის სპეციფიური სტილია საჭირო, რათა დროულად მოხდეს საშიშროების თავიდან აცილება.

სასურველია მძღოლის მიერ განხორციელდეს საჭიროებისდა მიხედვით შემდეგი აქტივობები:

პირველი რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, ეს თოვლისგან ავტომობილის გასუფთავებაა. გასაგებია, რომ სიცივეში ამ პროცედურის ჩატარება ნამდვილად არ არის სასიამოვნო, თუმცა უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. საჭესთან დაჯდომისას დარწმუნდით, რომ რომელიმე ხედვის არე დაფარული არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მანევრირების დროს მოძრაობის სხვა მონაწილე ან რაიმე დეტალი დროულად ვერ შეამჩნიოთ, რაც დიდი ალბათობით არა ერთი გართულების მიზეზი გახდება.

მართვისას აუცილებლად შეამცირეთ სიჩქარე, უმჯობესია თუ დასაშვებზე ნაკლები სიჩქარით ივლით. მკვეთრად არ დააჭიროთ აქსელერატორის პედალს, რამაც შესაძლოა ავტომობილის მოცურება გამოიწვიოს, ნაცვლად ამისა, ნელა და თანაბრად მოუმატეთ სიჩქარეს. ზუსტი სიჩქარე, რომლითაც უნდა გადავაადგილდეთ დამოკიდებულია გარემო პირობებზე, იმ შემთხვევაში თუ თოვს და გზა მოყინულია, უმჯობესია 50კმ/სთ- არ გადააჭარბოთ. გაითვალისწინეთ, რომ დაღმართზე დაუშვებელია ინერციის აკრეფა.

აუცილებლად გაზარდეთ მანძილი და დაიცავით მინიმუმ 5-6 წამის დისტანცია თქვენს წინ მიმავალ ავტომობილთან. ეს საკმარისია იმისთვის, რომ საჭირო მომენტში დროული რეაგირება შეძლოთ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ გავთვალოთ წამებში დისტანცია, ეს მარტივია. პირობითად ათვლის წერტილად აიღეთ გზის პირას მდგარი ხე, განათების ბოძი ან რაიმე სხვა. როდესაც თქვენს წინ მიმავალი ავტომობილი მას ჩაუვლის ამის შემდგომ დაიწყეთ დათვლა, სანამ თქვენც არ გაცდებით ათვლის წერტილს.

აკონტროლეთ დისტანცია როგორც წინ მიმამავალ სატრანსპორტო საშუალებასთან, ასევე თქვენს უკან მომავალ ავტოსთან.

დაუთმეთ გზა ცენტრალურ გზაზე მეორეხარისხოვანი გზიდან გამომავალ მანქანებს, რადგან გაითვალისწინეთ, რომ მათი გზა უფრო მოყინულია.

არ მართოთ უხეშად, ნელა დააჭირეთ როგორც მუხრუჭს, ასევე აქსელერატორის პედალს, ამით თავიდან აიცილებთ ავტომობილის მოცურებას. ამასთანავე საჭესაც ნელ-ნელა შეუცვალეთ მიმართულება, რათა კონტროლი არ დაკარგოთ. მოერიდეთ ნებისმიერ მკვეთრ მოქმედებას.

თუ მართვისას კონტროლი დაკარგეთ და თქვენი ავტომობილი მოულოდნელად მოცურდა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად შეამცირეთ სიჩქარე და არ გამოიყენოთ მკვეთრად მუხრუჭი ამან შესაძლოა უარესად მოაცუროს ავტომობილი. ნაცვლად ამისა, რომელ მხარესაც მოცურდება ავტომობილი, იმავე მიმართულებით მოაბრუნეთ საჭეც, ასეთ შემთხვევაში უფრო მალე დაიბრუნებთ კონტროლს. გაითვალისწინეთ რომ საჭე იქეთ უნდა იყოს მიმართული მოცურების დროს, საითაც გინდათ რომ მანქანა წავიდეს.

მოცურების დროს მექანიკური სიჩქარის კოლოფიანი ავტომობილების სიჩქარის კონტროლი სასურველია განხორციელდეს სწორედ სიჩქარის კოლოფით და არა მუხრუჭის სატერფულით. რაც შეეხება ავტომატური კოლოფის დროს მოძრაობისას სასურველია გამოვიყენოთ „L “ ვარიანტი, ხოლო ჰიბრიდულ ძრავებში სიჩქარის კოლოფი  გადავრთოთ „B“ -ში. ეს ქმედება დამატებით დაგვეხმარება ავტომობილის მარტივად მართვაში.

სასურველია საბურავებში წნევა დავწიოთ დაბლა 0,5 ატმოსფეროთი და თან ყველა საბურავში უნდა იყოს თანაბარი წნევა.ეს ქმედება აქტიურად შეუშლის ხელს მოცურებას.

თუ ამინდი მკვეთრად გაუარესდა და ნალექს ქარბუქიც თან დაერთო, მაშინ აუცილებლად მოძებნეთ პირველივე უსაფრთხო ადგილი სადაც დროებით გაჩერდებით, სანამ ამინდი არ გამოსწორდება. ჰო და კიდევ, თუ დიდი ხნით მოგიწიათ გაჩერება აუცილებლად ყოველ ერთ საათში მინიმუმ 10 წუთით მაინც დაქოქეთ ავტომობილი.

გისურვებთ მშვიდობიან მგზავრობას.

 

Комментариев нет:

Отправить комментарий

სარჩევი

  1. სასწავლო პროგრამა 2. რეკომენდაციები 3. ამკრძალავი ნიშნები 4. ამკრძალავი ნიშნები-ტესტი 5. პრიორიტეტის ნიშნები 6. ტესტი პრიორიტეტის ნიშნე...