ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირება
პირველ რიგში, სანამ გზას ჩვენივე ავტომობილით გავუდგებოდეთ, რაც აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ყოველწლიური ტექნიკური ინსპექტირების გავლაა. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ისეთ მანქანას მართავს, რომელსაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით არ გაუვლია, ჯარიმა 50 ლარია.
ავტომობილის სხვადასხვა სისტემის გაუმართაობა
არანაკლებ მნიშვნელოვანია ავტომობილის ისეთი სისტემებისა და მექანიზმების გამართულობა, როგორიცაა:
- მუხრუჭი
- საჭის სამართავი მექანიზმი
- მისაბმელი მოწყობილობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- ფარები
- უკანასაგაბარიტო მაშუქი
- მინის საწმენდი მექანიზმი
- ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა.
თუ, ავტომობილს ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე მექანიზმი გამართული არ აქვს, ჯარიმა 15 ლარია. ხოლო, მაშინ, როცა სატრანსპორტო საშუალებას გამონაფრქვევში გამაჭუჭყიანებელი ნივთიერება დადგენილზე მაღალი ნორმით აქვს, ჯარიმა 30 ლარია.
მობილურით კომუნიკაცია საჭესთან
ალბათ, გახსოვთ პერიოდი, როცა საჭესთან მობილურით კომუნიკაცია საკმაოდ გავრცელებული პრობლემა იყო. დღეს, იმ შემთხვევაში თუ მძღოლი ავტომობილის მართვისას მობილურით საუბრობს ან ტექსტურ/ხმოვან შეტყობინებას გზავნის, ჯარიმა 30 ლარია.
ღვედის გამოუყენებლობა
მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის მართვისას ღვედის გაკეთების კულტურამ უკვე მყარად გაიდგა ფესვები, მაინც შევხვდებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც მძღოლის ამპლუაში ან თუნდაც მძღოლის გვერდით სავარძელზე ყოფნისას, ღვედთან ვერ მეგობრობენ. ასეთ შემთხვევებში, ჯარიმა 40 ლარია.
ხოლო, თუ არც მძღოლს უკეთია ღვედი და არც წინა სავარძელზე მჯდომ მგზავრს, მაშინ ჯამურად 80 ლარი. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ჯარიმა ავტომობილის მძღოლს ეკისრება.
უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა
როდესაც საუბარი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით სიარულს ეხება, მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ის მარტივი წესი, რომელიც შემხვედრ ავტომობილებთან საავარიო სიტუაციის წარმოქმნისგან გვიცავს. რაც ნიშნავს, რომ საჭიროა ვიმოძრაოთ ჩვენთვის გამოყოფილ ზოლში და წინამდებარე ავტომობილებს გადავასწროთ მხოლოდ შესაბამისი მონიშვნის ზონაში. ხშირად, მძღოლები ამ წესს არღვევენ და სხვა ავტომობილებს შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზით გადაკვეთის ადგილებშიც უსწრებენ, - რაც 50 ლარით ჯარიმდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მსგავს ქმედება ერთი წლის განმავლობაში კვლავ გაიმეორებს - ჯარიმა 100 ლარია.
ალკოჰოლური სიმთვრალის დროს ავტომობილის მართვა
ზოგჯერ, ბევრად უფრო მძიმე შემთხვევებსაც შეიძლება წავაწყდეთ, ვიდრე ღვედის გარეშე მოძრაობაა. მაგალითად, ასეთია ალკოჰოლური სიმთვრალის დროს ავტომობილის მართვა.
მსგავს შემთხვევებში, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0.3 პრომილეზე მეტი, თუმცა 0.8-ზე ნაკლებია, მძღოლს მართვის უფლება 6 თვის ვადით შეუჩერდება. ხოლო, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0.7 პრომილეს აღემატება, მართვის უფლება 1 წლის ვადით შეჩერდება.
ისეთ შემთხვევაში კი, როცა მძღოლს ალკოჰოლური თრობის გამო უკვე ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება და კვლავ იმეორებს ამ დარღვევას, დაჯარიმდება 2000 ლარის ოდენობით და ამასთან ერთად, შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა 5-დან 15-დღემდე.
მართვის უფლების არქონა
მიუხედავად იმისა, რომ ავტომიბლის მართვის პირველი წესი: ავტომობილის მართვის უფლება - ნებისმიერი ასაკის ადამიანმა ზეპირად იცის, ისეთ შემთხვევებსაც ხშირად აღმოაჩენთ, როცა ავტომობილს ისეთი პირი მართავს, რომელსაც მართვის მოწმობა აღებული არ აქვს, შესაბამისად, არ აქვს მანქანის მართვის უფლება. ასეთ დროს, ჯარიმა 500 ლარია. ასევე, 500 ლარით ჯარიმდებიან ისინიც, ვისაც მართვის უფლება ჩამორთმეული აქვს და საჭესთან მაინც სხდებიან.
უფრო საყურადღებო შემთხვევაა, როცა საჭესთან არასრულწლოვანი ზის, რომელსაც მართვის უფლება არ გააჩნია. ასეთ შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე 700 ლარის ოდენობით ჯარიმდება.
პარკირების ზოგადი წესების დარღვევა
რაც შეეხება უფრო მსუბუქ დარღვევებს, საქართველოს მასშტაბით, და მათ შორის დედაქალაქში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პარკირების წესების დაცვას:
თუ პარკირებისას ავტომობილი ვერ აკმაყოფილებს თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილ ნორმებს (მაგ: ზოლში სწორად არ არის დაპარკინგებული), ჯარიმა 50 ლარია.
რაც შეეხება ბათუმს, ბათუმის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი პარკირების ორგანიზების წესების დარღვევა 100 ლარით ჯარიმდება.
პარკირების საფასურის გადაუხდელობა
ასევე, თუ თბილისში პარკირებისათვის გამოყოფილ ზონაში ავტომობილს ისე დააპარკინგებთ, რომ პარკირების საფასურს არ გადაიხდით, ჯარიმა 50 ლარი იქნება.
ბათუმში პარკირების საფასურის გარეშე ავტომობილის დაპარკინგება 10 ლარით ჯარიმდება.
საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებში კი, ავტომობილის დგომა პარკინგის საფასურის გადახდის გარეშე ჯარიმდება 10 ლარის ოდენობით.
ავტობუსის გაჩერებაზე დგომა ან გაჩერება
მას შემდეგ, რაც თბილისის კონკრეტულ ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლები გაჩნდა, თუ ავტომობილს ავტობუსის გაჩერების ადგილებზე გააჩერებთ ან დადგებით, ჯარიმა 50 ლარი იქნება.
ელექტროძრავანი ავტომობილების დამუხტვის ადგილებზე დგომა
როდესაც დგომასა და პარკირებას ეხება საქმე, ელექტროძრავიანი ავტომობილების დამუხტვის ადგილებიც არ უნდა გამოგვრჩეს : თუ ელექტროძრავიანი ავტომობილებისათვის გამოყოფილ დამუხტვის ადგილზე ისეთი ავტომობილია გაჩერებული, რომელიც პარკირების მომენტში დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთებული არ არის, ჯარიმა 100 ლარია.
შშმ პირების პარკირების ადგილზე სხვა ავტომობილის პარკირება
მნიშვნელოვანია, რომ კანონით შესაბამისად რეგულირდება შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის გამოყოფილ საპარკინგე ზოლში მანქანის გაჩერების წესებიც. უფრო ზუსტად:
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის გამოყოფილ საპარკინგე ზოლში ისეთი ავტომობილის პარკირება, რომელიც კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
ასევე, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ავტომობილი ისე გააჩერა, რომ შშმ პირებისათვის განკუთვნილ პანდუსზე გადაადგილება ფერხდება, ჯარიმა 200 ლარია.
მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება
ვინაიდან, სტატისტიკურად, ავტოავარიების უმეტესობა სიჩქარის გადაჭარბებსი შედგეად ხდება, ეს საკითხი აქტუალურია ჯარიმების კუთხითაც.
იმ შემთვევაში, თუ ავტომობილის მძღოლი მოძრაობის დადგენილ სიჩქარეს 15კმ/სთზე მეტით, თუმცა არაუმეტეს 40კმ/სთ-ით გადააჭარბებს, ჯარიმა 50 ლარია.
ხოლო, 40კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბების შემთხვევაში - 300 ლარი.
თუმცა, სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეული ჯარიმები აქ არ სრულდება:
- თუ ავტომობილის სიჩქარის გადაჭრბებამ საავარიო სიტუაციის შექმნა გამოიწვია, ჯარიმა 400 ლარია.
- თუ სიჩქარის გადაჭარბების შედეგად დაზიანდა სხვა ავტომობილი, ტვირთი, საგზაო ნიშანი, შენობა-ნაგებობა ან ადამიანი, - ჯარიმა 600 ლარის ოდენობითაა განსაზღვრული.
ქვეითთათვის გზის არდათმობა
ავტომობილით გადაადგილებისას განსაკუთრებული ყურადღება ქვეითთა უსაფრთხოებას უნდა მივაქციოთ. სწორედ ამიტომ, ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას, ავტომობილის მძღოლი ვალდებულია შეანელოს სვლა და საჭიროების შემთხვევაში, დაუთმოს გზა ქვეითს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმა 40 ლარია.
ხოლო თუ ავტომობილის მძღოლი ამ კანონდარღვევას 1 წლის განმავლობაში კვლავ გაიმეორებს, ჯარიმა 150 ლარია.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილიდან მანქანის გადაადგილება
წესით, ყველა ვთანხმდებით, რომ ავტოავარიაში მოხვედრა არავისთვისაა სასიხარულო ამბავი, თუმცა მიუხედავად ამისა, ავტოავარიაში მონაწილე ნებისმიერ მხარეს გარკვეული პასუხისმგებლობები ეკისრება.
მაგალითად, შემთხვევაში მონაწილე ნებისმიერი ავტომობილის მძღოლი ვალდებულია არ გადაადგილდეს ადგილიდან სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურის წარმომადგენსლის ნებართვის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა 250 ლარია.
იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი ავტომობილით ან ავტომობილის გარეშე მიატოვებს შემთხვევის ადგილს, ჯარიმა კვლავ 250 ლარია, თუმცა ამასთანავე მძღოლს შეუჩერდება მათვის უფლება 6 თვის ვადით.
ხოლო, თუ საჭესთან ისეთი პირი ზის, რომელსაც მართვის უფლება საერთოდ არ გააჩნია, ავტომობილის გადაადგილის ან შემთხვევის ადგილის მიტოვებისას - ჯარიმა 1500 ლარია.
პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა (ავტომობილის გაჩერების შესახებ)
არის ისეთი შემთხვევებიც, სადაც მძღოლები პოლიციელის მითითებებს არ ითალისწინებენ, რასაც რეაგირება კანონმდებლობით მოჰყვება ხოლმე. მაგალითად, თუ ავტომობილის გაჩერებას მოითხოვს პოლიციელი, რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებაზე ზრუნავს და შესაბამისად, უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ასეთი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა ჯარიმდება 500 ლარის ოდენობით.
Комментариев нет:
Отправить комментарий